საქართველოს მასშტაბით მარცვლეული კულტურების თესლის ნებაყოფლობითი სერთიფიცირება დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მარცვლეული კულტურების - ხორბლის, ქერის, სოიას, მზესუმზირის და კარტოფილის სათესლე მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცედურები 2020 წლამდე უფასოდ განხორცილდება. 2018 წლიდან კი ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება.
სათესლე და სანერგე მასალაზე ხარისხის კონტროლის სისტემის შემოღების მიზანი ჯიშური და გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნება, ფერმერისთვის გენეტიკურად სუფთა სათესლე მასალის მიწოდება და მაღალხარისხიანი მოსავლის მიღების გარანტიაა. ამავე დროს სერტიფიცირებული სისტემის შემოღება ბაზარს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დაიცავს. სათესლე მასალის სერტიფიცირება წარმოადგენს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილს და ქართველ მწარმოებელს საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.