კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხვამლის მთის არქეოლოგიურ კომპლექსზე ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი სამხედრო პირების რესოციალიზაციის პროგრამის I ეტაპი მიმდინარეობს. სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოების ფარგლებში უნიკალური პროექტი სააგენტოს მიერ უკვე მესამედ ხორციელდება და ის საომარ მოქმედებებში მიღებული ტრავმების მქონე ვეტერანი სამხედროების არქეოლოგიურ ექსპედიციებში მონაწილეობას გულისხმობს. ოფიცრების ფსიქო-ემოციური და სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ საველე და ლაბორატორიულ სამუშაოებში. კვლევა-ძიების 1 თვიან პროცესში 7 ქართველი ვეტერანი სამხედრო პირია ჩართული. ხვამლის პლატოსა და მის ფერდობებზე მდებარე არქეოლოგიური ობიექტები უკვე დათარიღდა გვიანდელი ანტიკური ხანით.