რეჟისორი რამაზ (ბუბა) ხოტივარი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „პალიტრანიუსს“ ეროვნულ კინოცენტრში დაუდასტურეს.
ხოტივარი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინორეჟისორად. 1986-1991წწ. ხელმძღვანელობდა "ქართული ფილმის" ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება "ადამ და ევას". 1988-1992წწ. იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა "მთვარის გლობუსის" გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006წწ. კინოსტუდია "მემატიანეს" დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: "ისლამი საქართველოში", "ლეხაიმ!", "მარკოზის სახარება", "ლაზარეს თავგადასავალი"(ქართლოს ხოტივართან ერთად), "დიმიტრი II", "ჩირიკი და ჩიკოტელა".