საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან ახალი ქართული ფილმის, "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეროვნული კინოცენტრი მოუწოდებს ყველა ადამიანს, იქნება ეს საერო თუ სასულიერო პირი, თავი შეიკავოს ფილმის ჩვენებისთვის ხელის შეშლისგან.
"საქართველოში ნებისმიერი სახის ცენზურა დაუშვებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.ეროვნული კინოცენტრი მიესალმება ფილმის ირგვლივ მსჯელობას, კრიტიკულ განხილვას, დისკუსიას საზოგადოების ყველა ფენაში, თუ ასეთი დისკუსიები ერთმანეთის მიმართ პატივისცემისა და საპირისპირო აზრის შეწყნარების ატმოსფეროში გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.