განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დავოსში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფაელ მატეომ განაცხადა, კომპანიის დელეგაცია არსებული შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში უკვე იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაური ინვესტორს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე ესაუბრა.
პრემიერის განცხადებით, საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი, რომელსაც ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მსოფლიოში მოწინავე პოზიციები უკავია.
შეხვედრისას აღინიშნა ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის ტენდენცია, რასაც მსოფლიო გენერაციის ახალი წყაროების განვითარებით პასუხობს.