რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია "სანტეს" საწარმოსთან გამართულ აქციაზე 9 პირი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი პარტია „ქართული არჩევანის“ ლიდერი ბეჟან გუნავაა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ეს პირები დაკავებულები არიან ორი მუხლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს“. აქციაზე მუშები და ქართული არჩევანის წევრები კომპანიის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, კომპანიამ დემონტაჟის სამუშაოებზე დასაქმებული პირები უკანონოდ დაითხოვა.
კომპანია "სანტე“ მის საწარმოსთან მიმდინარე აქციას განცხადებით ეხმაურება. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, "სანტეს“ კონტრაქტორის დაუდევრობის შედეგად მის მიერ დაქირავებულმა სუბიექტმა ზურაბ ხაბულიანმა, დაიწყო ისეთი შენობის დემონტაჟი, რომელიც გათვალისწინებული არ ყოფილა არც ხელშეკრულებით და არც სხვა საკომუნიკაციო საშუალებით. შეცდომის შედეგად ზურაბ ხაბულიანმა და მის მიერ მოყვანილმა რამდენიმე მუშამ, დაიწყო ისეთი შენობის ნგრევა, რომელიც არ წარმოადგენდა კომპანია "სანტესთან“ დადებული კონტრაქტის საგანს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულმა ჯგუფმა იმუშავა რამდენიმე დღე, მათ დაანგრიეს საწყობის უკან მდებარე ფარდული და მოამზადეს ტერიტორია ნგრევითი სამუშაოებისთვის, თუმცა კომპანია სანტეს მხრიდან დროულად იქნა აღმოჩენილი კომუნიკაციაში უზუსტობა. ზურაბ ხაბულიანისა და მისი სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული რეალური სამუშაოს ღირებულება შეადგენს დაახლოებით 5000 ლარს. სანტეს კონტრაქტორი, გოჩა ოდოშაშვილი, მზადაა მის მიერ დაქირავებული სუბიექტის მუშახელს გადაუხადოს გაწეული სამუშაოს საფასური, თუმცა ზურაბ ხაბულიანისთვის ეს შეთავაზება არ არის საკმარისი და ცდილობს ცილისწამების და მედიისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით, მოახდინოს კომპანია სანტეზე ზეწოლა და მისგან მიიღოს პირადი ფინანსური სარგებელი, 50000 ლარის ოდენობით, რაც არაპროპორციულია მის მიერ რეალურად განხორციელებული სამუშაოსთვის.
კომპანია სანტემ მიმართა საგამომძიებლო სამსახურს, ამ დროისთვის საქმე აღძრულია უკანონო დემონტაჟთან დაკავშირებით და აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა. კონტრაქტორი გოჩა ოდოშაშვილი აღიარებს მის მიერ მიყენებულ ზიანს კომპანიისადმი და მზადაა აუნაზღაუროს სანტეს უკანონო დემონტაჟით გამოწვეული ფინანსური ზიანი, რაც შეადგენს 7000 ლარს.
სანტე გამორიცხავს მისი მხრიდან რაიმე ვალდებულების შეუსრულებლობას და აღნიშნულ საქმეში წარმოადგენს მხოლოდ დაზარალებულ მხარეს, რომელმაც მიიღო ფინანსური ზიანი დაქირავებული კომპანიის მხრიდან განხორიციელებული უკანონო ქმედების შედეგად.
"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები, 22 წელზე მეტია უმსხვილესი რძის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელშიც დღესდღეობით 500-მდე ადამიანია დასაქმებული. ამასთან ერთად, კომპანია სტაბილური შემოსავლის წყაროს უქმნის 2000-მდე ფერმერულ ოჯახს საქართველოში, რომელთაგანაც სანტე ყოველწლიურად მილიონობით ლიტრ რძეს იბარებს პროდუქციის დასამზადებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.