ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების საკითხზე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამინისტროს საკუთარ წინადადებებს წარუდგენს.
დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, ექსპერტები და დარგის სპეციალისტები იმსჯელებენ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არის თუ არა საჭირო რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი ვირუსის გავრცელების რისკი ამ ეტაპზე მინიმალურია, თუმცა თეორიულ დონეზე მაინც არსებობს.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალი სახეობით ჩინეთში გარდაცვლილია 17 ადამიანი, ინფიცირებულია 450-ზე მეტი პირი. კორონავირუსის შემთხვევები ასევე დაფიქსირდა იაპონიაში, ტაილანდში, ტაივანში, ჰონგ კონგში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.