მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებისა და მილიონობით ფაბრიკა-ქარხნის მუშაობის შეჩერების შედეგად პლანეტაზე გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვნად შემცირდა.
ჩინეთის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში გარემოში მავნე ნივთიერებების გამოყოფა 21.5%-ით არის შემცირებული, რისი მიზეზიც დიდწილად ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და კარანტინი გახდა.
ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „ენერგეტიკისა და სუფთა კვლევითი ცენტრის“ (CREA) მიხედვით, ბოლო 2 თვის განმავლობაში დედამიწაზე ნახშირორჟანგის გამოყოფა 25%-ით შემცირდა.
ორგანიზაციის განცხადებით, ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირების გარდა მსოფლიოში მნიშვნელოვნად იკლო ქვანახშირისა და ნავთობის მოპოვების ტემპმა, ამასთან, გადაიდო ათასობით ავიარეისი. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი კი ეკოლოგიასა და გარემოს დაცვაზე დადებითად აისახა.