მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ეკონომიკამ ისტორიის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური რეცესია განიცადა, თუმცა, ზაფხულის განახლება მესამე კვარტალში COVID-19-ის მეორე ტალღამ შეწყვიტა, ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
შემოდგომის ეკონომიკური პროგნოზით, ევროზონის ეკონომიკა 2020 წელს შემცირდება 7,7%-ით, რაც შეეხება მთლიანად ევროკავშირის მთლიან შიდა პროდუქტს, ის 2020 წლისთვის 7,4%-ით შემცირდება. ამასთან, ევროკომისია 2020 წელს უმუშევრობის 7,7%-მდე ზრდას ელოდება, ჯამური ვალი კი ევროზონის 19 ქვეყანაში 2020 წელს ისტორიაში პირველად მთლიანი შიდა პროდუქტის 100%-ს გადააჭარბებს და 101,7%-ს შეადგენს.
ანგარიშის თანახმად, მომდევნო შვიდ წელიწადში ევროკავშირის ქვეყნებს ეკონომიკის აღსადგენად სახელმწიფო დოტაციების სახით 750 მილიარდი ევროს მოზიდვა მოუწევთ.