მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობაში საავტომობილო გაყიდვებმა გლობალურად თითქმის 20%-ით იკლო, რაც რა თქმა უნდა, მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ გამოიწვია. ოფიციალური ინფორმაციით, თებერვალში მთელს მსოფლიოში 5 მილიონ 77 ათასი ავტომობილი გაიყიდა.
ყველაზე მეტად, როგორც მოსალოდნელი იყო, კლება დაეტყო ჩინეთის ბაზარს, სადაც ახალი ავტომობილების გაყიდვები თებერვალში 80%-ით შემცირდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. გაყიდვები 10%-ით შემცირდა იაპონიაშიც, სამხრეთ კორეაში კი - 18%-ით.
თებერვალში მცირედით იზარალა დასავლეთ ევროპის ბაზარმა, სადაც 6,5%-ით ნაკლები ავტომობილი გაიყიდა, ვიდრე გასული წლის თებერვალში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი კლება 4,5% იყო. სამხრეთ ამერიკაში 4,5%-იანი კლება, ჩრდილოეთში კი 8,3%-იანი მატება დაფიქსირდა.
2020 წლის პირველი ორი თვის მონაცემებით, ახალი ავტომობილების გაყიდვებმა მსოფლიოში 11 მილიონ 565 ათასი შეადგინა, რაც 14,8%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.