შეერთებულ შტატებსა და ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის პარალელურად, ნავთობი გაიაფებას აგრძელებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ეპიდემიის კიდევ უფრო გავრცელების პასუხად, მთავრობები ყველანაირ აქტივობას ზღუდავენ, რაც ეკონომიკას აზარალებს და ნავთობზე მოთხოვნას ამცირებს.
გარდა ამისა, ლიბიამ მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის მიწოდება კიდევ უფრო გაზარდა. ქვეყანამ საბადო „ელ-ფილზე“ ფორსმაჟორული მდგომარეობა მოხსნა, რამაც ამ საბადოზე მოპოვება გაზარდა. შესაბამისად, მოიმატა ექსპორტმა. ლიბიის ნავთობის ეროვნული კომპანია აცხადებს, რომ მალე საბადოს დღიური წარმადობა მილიონ ბარელს მიაღწევს.
ამ ფაქტორების ზემოქმედებით, კვირის დასაწყისში, ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასი 2.6 პროცენტით შემცირდა, ამერიკული დასავლეთ ტექსასური საშუალოს ფასმაც 2.6 პროცენტით დაიკლო.