პანდემიამ ძალიან დიდი ნეგატიური გავლენა იქონია მუზეუმებზე და მათი უმეტესობა ჯერ კიდევ იბრძვის ამ ზარალისგან თავის დასაღწევად… მაგალითისთვის, დიდ ბრიტანეთში ვიზიტორების რაოდენობა ახლაც კი 50%-ით ნაკლებია, ვიდრე ლოკდაუნამდე იყო.ყველასათვის ცნობილი ვიქტორია და ალბერტის მუზეუმი ერთ-ერთი ასეთი დაწესებულებაა, რომელიც კორონავირუსის გამო ხანგრძლივი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ამის ფონზე მან ვიზიტორების მოზიდვის კამპანია წამოიწყო. ეს უკანასკნელი მხარს უჭერს რწმენას, რომ „კრეატიულობა არის ის, რაც ადამიანებად გვაქცევს“. ბრიტანული სააგენტო Adam&EveDDB-ის მიერ შექმნილი კამპანია ისეთივე გენიალურია, როგორც მისი გამოფენები. ის ადამიანებს მოუწოდებს, 2.3 მილიონზე მეტი მუდმივი კოლექციის ექსპონატები ნახონ და გაიზიარონ, როგორც უშუალოდ მუზეუმში, ისე ონლაინ. ორწუთიანი ფილმი ქარიშხლიან ღამეში ვითარდება, როდესაც მანეკენი ცოცხლდება და თავისუფლდება. მანეკენი ტრიალებს და ცეკვავს ოთახებში, აღმოაჩენს ხელოვნებას, დიზაინს, მოდას, სამკაულებს, ფოტოგრაფიას და ქანდაკებებს. როდესაც გმირი ამ ყველაფერს იკვლევს, სხვა იდუმალ მოცეკვავეებს ხვდება და კრეატიულობისგან იღებს სასიცოცხლო ენერგიას… საბოლოოდ კი მუზეუმის კედლებში საოცრად შთამბეჭდავი წარმოდგენა იქმნება და მანეკენი ადამიანად გარდაიქმნება.„ჩვენი ახალი კამპანია არის V&A-ს მისიის სუფთა განსახიერება, დაიცვას დიზაინი და კრეატიულობა, მისი ყველა ფორმით. ეს ჯადოსნური ისტორია შედგება შემოქმედებითი გამოხატვის მდიდარი გობელენის, ორიგინალური ქორეოგრაფიის, ცეკვისა და მუსიკალური შესრულებისგან, რომელიც გადაჯაჭვულია მუზეუმის კოლექციასთან“, — აღნიშნავენ მუზეუმის წარმომადგენლები.