საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ზარზმაში იმყოფებოდა, სადაც არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესთან, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ დავით ტაბიძესთან ერთად, ზარზმის მონასტრის მდგომარეობას და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს გაეცნო.
მინისტრმა მიიღო ინფორმაცია ზარზმის მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, რომლის პროცესშიც არქიტექტორ-რესტავრატორებმა ახალი დაზიანებული კერები გამოავლინეს. კერძოდ, ხარაჩოების მოწყობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბუნების ზემოქმედების შედეგად სახურავი ნაწილობრივ დაზიანებულია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. შედგა შეთანხმება, რომ ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აქტიურად ჩაერთვება.
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ზარზმის მონასტერი სოფელ ზარზმაში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ის ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.