ინდონეზიის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულ კომოდოს დათვალიერების მსურველებს მომავალი წლიდან ათასი ამერიკული დოლარის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.ინდონეზიის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კუნძულზე ბინადარი იშვიათი სახეობის ვარანებისა და მათი საბინადრო გარემოს გადარჩენას ასახელებს. აღსანიშნავია, რომ აქამდე კუნძულზე მოხვედრისას ტურისტები მხოლოდ ათ დოლარს იხდიდნენ.გადასახადის გაზრდის კიდევ ერთი მიზეზი ტურისტების ნაკადის შემცირებაა. 2018 წელს კუნძულს 176 ათასი ტურისტი ეწვია, მაშინ როდესაც 2008 წელს კომოდო 44 ათასმა სტუმარმა მოინახულა.კუნძულ კომოდოზე ბინადარი ვარანების სახეობა მსოფლიოში ყველაზე დიდია და ხშირ შემთხვევაში მათი სიგრძე 3 მეტრს აღემატება. აღსანიშნავია, რომ კუნძული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია დაცული.