„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა ქუთაისში რეგიონული ოფისი გახსნეს. ოფისის გახსნას პარტიის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ესწრებოდნენ. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მის პარტიას აქვს კონკრეტული ხედვა თითოეული რეგიონის განვითარების. მისი თქმით ქუთაისი უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი და უნდა დასრულდეს ის საბჭოური მენტალიტეტი, როდესაც თბილისი წყვეტს ქუთაისმა როგორ იცხოვროს. ხაზარაძის განცხადებით, მის გუნდს შეუძლია, სამუშაო ადგილების პრობლემა გადაჭრას და ემიგრაციაში წასული ქუთაისის მოსახლეობა სამშობლოში დააბრუნოს. ამასთან ლელო საქართველოსთვის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ პარტია სერიოზული ტემპით იზრდება და ის რეგიონალურ განვითარებას იწყებს.