ქუთაისში პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 2 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ერთ მათგანს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობაში ედება. მეორე კი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.
უწყების ცნობითვე, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკის ამოჭრის გზით შეაღწიეს კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ ფილიალის საცავის ოთახში, სადაც ლითონის საცავის კარის გაჭრის შემდეგ, ფარულად დაეუფლნენ თანხას და ოქროს ნივთებს.
პოლიციამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ოქროს ნივთებისა და მოპარული ფულის ნაწილი. ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები. დანაშაული 3-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.