ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება.
ამასთან, ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1-მეტრიანი დისტანცია და ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25 მ2-ს.
დოკუმენტის თანახმად, დახურული სივრცეები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, შესაძლებელია ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით.