კვერცხს ადამიანები ძველთაგანვე იყენებდნენ არა მარტო საკვებად, არამედ სამკურნალოდაც. იგი პროტეინების წყაროა. ორ კვერცხში იმდენივე პროტეინია, რამდენიც ამდენივე მოცულობის ძროხის რძეში ან თევზში. კვერცხი რეკომენდებულია ყველა ასაკის ადამიანისთვის. ცილებით მდიდარი ეს პროდუქტი აუცილებელია მათთვის, ვისაც პროტეინების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ესაჭიროება: ბავშვებს, მოზარდებს, ფეხმძიმე და მეძუძურ ქალებს, სპორტსმენებს. ყვითელი გული მდიდარია ქოლესტერინით, ამიტომ ხანში შესულთათვის და სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებისთვის მისი დიდი რაოდენობით მოხმარება არ არის რეკომენდებული. დღეში ორი ცალი კვერცხის მიღებით მოზრდილის ორგანიზმი ფოსფორზე მოთხოვნილებას 25%-ით იკმაყოფილებს.