ბრიტანელმა მეცნიერებმა ნოტინგემის უნივერსიტეტიდან რამდენიმე ექსპერიმენტული კვლევის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ქალაქის ხმაური უარყოფითად მოქმედებს გულის კუნთის ფუნქციობაზე. კვლევაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკის მოხალისეები, რომლებსაც ევალებოდათ დიდი ქალაქების ქუჩებში 45 წუთით გასეირნება. თითოეულ მონაწილეს მიერთებული ჰქონდა სპეციალური გადამცემი, რომლის დახმარებითაც ანალიზდებოდა მიოკარდიუმის შეკუმშვის სიხშირე და ხასიათი. კვლევის შედეგები მეცნიერთათვის გამაოგნებელი აღმოჩნდა, ყველა მოხალისის გულის მუშაობაში აღინიშნებოდა სერიოზული ცვლილებები ქალაქის ხმაურის ყოველ ცვლილებაზე. ექსპერტთა აზრით, ეს გარკვეულწილად ნორმაა, ბუნებრივია, რადგან ნებისმიერი სახის ხმაური რეფლექსურ დონეზე საშიშროების შეგრძნებას იწვევს, სისხლში სტრესული ჰორმონების გადმოსროლა ხდება და შესაბამისად, გულის შეკუმშვა ხშირდება.სწორედ ამიტომაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა შესამცირებლად და ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად დადგინდა ქალაქებში ხმაურის დონის სპეციალური სანიტარული ნორმები. ამ დადგენილებით დღისით ხმაურის დასაშვები ნორმაა 55 დეციბელი, ღამით კი - 40 დეციბელი.