დემიენ შაზელის ტრიუმფატორი "ლა–ლა ლენდი", რომელიც პრესტიჟული პრიზებისა და კომერციული წარმატების წყალობით 2017 წლის კინოსენსაციად იქცა, სინამდვილეში მხოლოდ ბანალური რომანტიკული ისტორიაა, რომელიც რეჟისორმა შემოქმედებით ჯგუფთან და არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად აქცია ნამდვილ კინოშედევრად.
მსახიობობაზე მეოცნებე მია კაფეში მუშაობს, ამბიციური ჯაზ-პიანისტი სებასტიანი კი, მათთვის უკრავს რესტორანში, ვისაც მუსიკაზე მეტად მადიანად მირთმევა ხიბლავს. ახალგაზრდები გაცნობისთანავე აბამენ რომანს, თუმცა ურთულესი გადაწყვეტილების მიღება – წარმატებულ კარიერასა და სიყვარულს შორის არჩევანის გაკეთება უხდებათ.
მართალია, დღეს შაზელთან ჰოლივუდის ყველა გავლენიანი პროდიუსერი სიამოვნებით თანამშრომლობს, მაგრამ წლების წინ არცერთ მსხვილ კინოკომპანიას არ სურდა მასთან მუშაობა, რადგან მიუზიკლი გაცვეთილი, მოძველებული სიუჟეტით ყველას მოსაწყენ, უინტერესო წამოწყებად ეჩვენებოდა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან მსგავსი ისტორიებით ამერიკული კინო ჯერ კიდევ 1920–იან წლებში, ე.წ. "ჰოლივუდის ოქროს ხანაში" ანებივრებდა მაყურებელს.