ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ, გარკვეული სასურსათო პროდუქტების გაძვირება გამოიწვია. ფასები განსაკუთრებით გაზრდილია ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე. თბილისის აგრარულ ბაზრებში, თუ ერთი თვის წინ ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის ყიდვა 18 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა 20 ლარი ღირს. მოვაჭრეები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ გაძვირება ეტაპობრივად ყველა პროდუქტს შეეხება. მათივე თქმით, ბაზარში შემცირებულია მყიდველთა რაოდენობა. ლარის გაუფასურებასთან ერთად, მოვაჭრეები, ფასის ზრდას საქონლის ხორცის დეფიციტს უკავშირებენ. დეფიციტის მიზეზად კი ცოცხალი საქონლის ქვეყნიდან გაყვანას ასახელებენ.
ფასები ასევე გაზრდილია თევზეულზე, ტკბილეულსა და შაქარზე. ამასთან, გაზრდილია ყველის, რძისა და კვერცხის ღირებულება. ფასების მატება ფიქსირდება სასოფლო-სამუერნეო პროდუქციაზეც. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეკორდულად, თითქმის 80 %-ით გაიზარდა მწვანე ლობიოს ფასი. ბადრიჯნის ფასი გასულ წელთან შედარებით 66%-ით მეტია. ამასთან, 39%-ით მოიმატა პომიდვრის ფასმა. ხოლო ნივრის ფასი 30, 18%-ით არის გაზრდილი.
სოფლის მეურნეობის სამინსიტროში ამბობენ, რომ პროდუქციაზე ფასის ზრდა, მოთხოვნის გაზრდითა და პროდუქციის დეფიციტითაა განპირობებული და არა ლარის კურსით. მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის თქმით, იმისთვის რომ კურსის ცვლილება ნაკლებად აისახოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, მნიშვნელოვანია რომ ქვეყანა ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმპორტზე.
ფასების ზრდას ეხმაურება რძის პროდუქტების ასოციაციაც. კახაბერ კონიაშვილის თქმით, გაუფასურებული ლარის პირობებში, რძისა და რძის პროდუქტების გაძვირება იმანაც გამოიწვია, რომ პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის დიდი რაოდენობა იმპორტირებულია.
დისტრიბუტორთა ასოციაციში ადასტურებენ, რომ იმპორტიორებმა გარკვეული სახის პროდუქციაზე ფასები უკვე გაზარდეს, მაგრამ ლარის კურსის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული, რომ ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდეს.