რომის „ლაციო“ იტალიის სუპერთასის გამარჯვებულია. საუდის არაბეთში, სიმონე ინძაგის გუნდი იტალიის თასის მფლობელის რანგში ქვეყნის ჩემპიონ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და დამსახურებულად აჯობა. რომაელებმა „იუვენტუსი“ ცალსახად დაჩაგრეს, მათ უკვე მე-16 წუთზე გაიტანეს. პაულო დიბალამ კრიშტიანუ რონალდუს აქტიურობით ტაიმის ბოლოს გაქვითა ლუის ალბერტოს გოლი, მაგრამ მეორე ნახევარში მაურიციო სარის გუნდის დაცვამ კიდევ ერთხელ ითამაშა კატასტროფულად და სენად ლულიჩმა თავისიანები დააწინაურა.მატჩში წერტილი დანილო კატალდიმ დასვა, რომელმაც დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3-1. შეგახსენებთ, რომ ლაციომ იტალიის სუპერთასი ისტორიაში მეხუთედ მოიგო.