ლაურა ღაჭავას ადვოკატის, კობა ამბარდნიშვილის ინფორმაციით, ნახევარმილიონიანი გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ბიზნესმენის რომელიმე ახლობლის უძრავი ქონების გამოყენება მოუწევთ.
როგორც ადვოკატი ამბობს, დაცვის მხარე არ აპირებს გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბიზნესმენს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. რაც შეეხება გირაოს გადახდის საკითხს, კობა ამბარდნიშვილმა განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების უზრუნველსაყოფად ლაურა ღაჭავას რომელიმე ახლობლის ბინა უნდა გამოიყენონ, ვინაიდან მას თანხის გადახდის საშუალება არ აქვს. მისივე თქმით, ჯერ ნაპოვნი არ ჰყავთ ღაჭავას ახლობელი, ვინც ამ გადაწყვეტილებას დათანხმდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას 500 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, ბიზნესმენს ეკრძალება საზღვრის გადაკვეთა წინასწარი შეთანხმების გარეშე.
ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი 2 160 955 ლარს შეადგენს.