ბერლინში, ლიბიის საკითხზე გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასა და ლიბიაში იარაღის შეტანაზე ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, დოკუმენტი, რომელსაც ხელი 16 სახელმწიფოს და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, ლიბიაში შეიარაღების შეტანაზე ემბარგოს უჭერს მხარს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ შეზღუდვის შესრულების მონიტორინგს ითვალისწინებს. შეხვედრის შემდეგ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა, "თავი შეიკავონ ლიბიის კონფლიქტში ჩარევისგან".
გაეროს ეგიდით გამართულ სამიტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, გერმანიის, რუსეთის, თურქეთის, საფრანგეთის, იტალიის და დიდი ბრიტანეთის ლიდერები და გაეროს გენერალური მდივანი ესწრებოდნენ.
ამასთან, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ლიბიის დაპირისპირებული მხარეების წამრომადგენლები: მთავრობის ლიდერი და ლიბიის ეროვნული არმიის ხელმძღვანელი ხალიფა ჰაფტარიც, თუმცა ისინი ერთმანეთთან შეხვედრაზე ან მოლაპარაკებაზე არ დათანხდნენ.