"ფაბრიკას" საკონფერენციო დარბაზში "ლურჯი ოკეანის" კლუბის პრეზენტაცია და მასტერკლასი გაიმართა თემაზე "რეკლამა თანამედროვე სამყაროში". პროექტი "ლურჯი ოკეანე" არის ბიზნესლიტერატურის სერია, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს და აერთიანებს ისეთი ავტორების წიგნებს, როგორებიც არიან: ბრაიან თრეისი, დევიდ ალენი, გაი კავასაკი და სხვ. პროექტის ფარგლებში, ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება, "ლურჯი ოკეანის კლუბი", რომელიც საქართველოში ბიზნეს განათლების მხარდაჭერასა და ამაღლებას ისახავს მიზნად.კლუბი წარმატებულ ბიზნეს პრაქტიკოსების, თეორეტიკოსებსა და სტუდენტებს გააერთიანებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სათარგმნი ბიზნესლიტერატურის შერჩევაში, საგამომცემლო პროცესის წარმართვასა და ლიტერატურის პოპულარიზაციაში. კლუბის ფარგლებში ჩატარდება ბიზნეს სემინარები და ტრენინგები. ღონისძიების სპიკერები იყვნენ: PSP-ს მარკეტინგის დირექტორი თორნიკე გურული, არტ დირექტორი გიორგი პოპიაშვილი და Holmes & Watson-ის არტ დირექტორი გიორგი ქვლივიძე. ღონისძიების დასასასრულს მათ დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს.