კომუნიკაციების კომისია შეისწავლის კომპანია „მაგთიკომის“ მიერ 25-ლარიანი პაკეტის 30-ლარიანი პაკეტით ჩანაცვლება არის თუ არა გაძვირება და რამდენად აქვს კომპანიას არსებული პაკეტის გაუქმების უფლება. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, წინასწარი შეფასებით, საქმე გაძვირებასთან გვაქვს, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებას და შეფასებას კომისია საკითხის სრული შესწავლის შემდეგ გააკეთებს.
კომისიის ცნობით, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, როგორიც „მაგთიკომია“, აქვს ვალდებულებათა ჯაჭვი, იმის შესახებ, რომ რომელიმე კონკრეტული მომსახურების პაკეტის გაუქმების შემთხვევაში, კომპანიამ მომხმარებელს ალტერნატიული მომსახურება შესთავაზოს. 25 ლარიანი პაკეტის გაუქმების შემთხვევაში, ბაზარზე „მაგთიკომის“ მხრიდან ალტერნატიული პროდუქტი, რომელიც აღნიშნული მომსახურების მსგავსი იქნება, შეთავაზებული არ არის. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორი მსგავს ცვლილებას დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.
კომუნიკაციების კომისია საკითხს დეტალურად შეისწავლის და მომხმარებლების ინტერესებს დაიცავს.