ავსტრალიელი ჯეიმს ჰარისონი,რომელიც ცნობილია, როგორც "მამაკაცი ოქროს მკლავით", 60 წლის განმავლობაში სისხლს ფაქტობრივად ყოველ კვირას აბარებდა. ამ მრავალწლიანი საქველმოქმედო აქტის შემდეგ 81 წლის ავსტრალიელი მამაკაცი ერთგვარ პენსიაზე გავიდა. ავსტრალიის წითელი ჯვრის სისხლის ბანკის ინფორმაციით, ჰარისონმა სისხლის პერმანენტული გაღებით 2,4 მილიონზე მეტი ავსტრალიელი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ჰარისონის სისხლი უნიკალურია, ის დაავადებებთან მებრძოლ ანტისხეულებს შეიცავს, რომელიც Anti-D-ს სახელით ცნობილი ინექციის შემუშავებაში გამოიყენებოდა, რომელიც რეზუს ფაქტორით გამოწვეულ დაავადებებს უპირისპირდება. ჰარისონმა სისხლის გაღება მას შემდეგ დაიწყო, რაც თავად გადაიტანა მკერდის არეში მნიშვნელოვანი ოპერაცია 14 წლის ასაკში.მისი სიცოცხლე სისხლის დონაციამ გადაარჩინა. ამის შემდეგ ჰარისონმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ თავად გამხდარიყო სისხლის დონორი. რამდენიმე წლის შემდეგ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მისი სისხლი შეიცავადა ანტისხეულებს, რომელიც შეიძლებოდა Anti-D ინექციის შექმნიშვისთვის გამოეყენებინათ.ამის შემდეგ ჰარისონმა სისხლის დონაცია სულ უფრო აქტიურად დაიწყო, რათა იმდენი ადამიანი გადაერჩინა, რამდენიც შესაძლებელი იქნებოდა. ექიმებმა დანამდვილებით ახლაც არ იციან, რატომ აქვს ჰარისონს სისხლის ეს იშვიათი ტიპი, თუმცა ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა გადასხმებით იყოს განპირობებული, რომელიც მას 14 წლის ასაკში ქირურგიული ჩარევისას დასჭირდა. წითელი ჯვრის სისხლის სამსახურის ინფორმაციით, ის ერთ-ერთია იმ არაუმეტეს 50 ადამიანისა ავსტრალიაში, რომელსაც სისხლში მსგავსი ტიპის ანტისხეულები აქვს.