2020 წლის შემოდგომაზე ბათუმს UEFA-ს სტანდარტების ახალი სტადიონი ექნება, - საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა. ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში კი იარუსების მოწყობა დაიწყება. სექტემბრიდან დაგეგმილია ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს. 20 000 მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე დასაქმებულია 200 ადამიანი, რომელთა რაოდენობა სექტემბრიდან 250-მდე გაიზრდება. მთლიანად, მშენებლობის პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება.