იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისია იუსტიციის სახლიდან გამოასახლა. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გააკეთა. გიორგი აბაშიშვილისთვის გაუგებარია თეა წულუკიანის გაღიზიანება პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომ აღნიშნული კომისია გაეძლიერებინა. მისი თქმით, ამავდროულად იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს განაცხადების მიღებას, რაშიც მოქალაქეები ფულს იხდიან, ხოლო თუ კომისიას მუშაობის საშუალება არ მიეცემა, ეს ადამიანები ამ ფულს დაკარგავენ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით, მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საფუძველია, ოთხის ნაცვლად ექვსი წევრით დაკომპლექტდება და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.