მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილ რევოლუციონერს ერნესტო გევარას, რომელმაც არგენტინული წარმოშობის ხაზგასასმელად შეიძინა „ჩე“-ს ზედმეტსახელი, ალბათ ვერცერთი ისტორიული პერსონა ვერ გაეჯიბრება პოპულარობით, რადგან რომანტიკული ლეგენდა, რომელიც მის სიცოცხლეში შეიქმნა, არც გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ კარგავს აქტუალურობას. მეტიც, კომანდანტე არა მხოლოდ რევოლუციისა და სახალხო დაუმორჩილებლობის სიმბოლო, არამედ წარმატებული მარკეტინგულ პროდუქტი და პოპ-კულტურის განუყოფელი ნაწილია, რადგან მისი პორტრეტით დამშვენებული სუვენირები და აქსესუარები, მასზე შექმნილი მითები და ლეგენდები დღესაც არავის ტოვებს გულგრილს.
ერნესტო გევარა ლინჩი დე ლა სერნა 1928 წლის 14 ივნისს დაიბადა არგენტინის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ როსარიოში, ევროპელი პირველმოსახლეების შთამომავლების შეძლებულ და წარჩინებულ ოჯახში. მისი მამა ერნესტო გევარა ლინჩი პატივცემული არქიტექტორი, დედა სესილია კი, უმდიდრესი პლანტატორის ანტონიო დე ლა სერნას ქალიშვილი იყო, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ მატეს - პარაგვაული ჩაის უზარმაზარი პლანტაციები მიიღო მემკვიდრეობად.
სამართლიანობითა და თანაგრძნობის უნარით გამორჩეული დონა სესილია მაქსიმალურად ცდილობდა პლანტაციის მუშათა ცხოვრების გაუმჯობესებას. მეტიც, სხვა პლანტატორებისგან განსხვავებით სწორედ მან გადაწყვიტა პირველმა პროდუქტის ნაცვლად მათი შრომის ხელფასით ანაზღაურება, რაც 1920-იანი წლების სამხრეთ ამერიკაში წარმოუდგენლად ითვლებოდა, ამიტომ კონკურენტების უკმაყოფილება დაიმსახურა.
ოთხ და-ძმას შორის უფროსი ერნესტო, რომელსაც ოჯახის წევრები მოფერებით ტეტეს ეძახდნენ საკმაოდ სუსტი ბავშვი იყო, მით უფრო, რომ ორი წლის ასაკში ბრონქიალური ასთმით დაავადებულს სიცოცხლის ბოლომდე მძიმე სენი და სუნთქვის პრობლემები ტანჯავდა. შვილის მდგომარეობის შესამსუბუქებლად მშობლებმა პლანტაცია გაყიდეს და ბევრად უკეთესი კლიმატური პირობების ძიებაში კორდობას რეგიონში, ზღვის დონიდან 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე პატარა ქალაქ ალტა-გრასიაში შეიძინეს სახლი, სადაც ერნესტომ მთელი ბავშვობა გაატარა.