26 მაისი საზეიმოდ და მასშტაბურად აღინიშნება ქვემო ქართლის რეგიონში ქალაქ მარნეულში. ქალაქის შესასვლელში „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და მარნეულის მერმა მიულოცეს. საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით დილიდან ქალაქის ცენტრში მოწყობილია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის სპორტული აქტივობებით, კონკურსებით, საბავშვო სპექტაკლებით და შოუებით. მარნეულში ამ წუთებში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები კონცერტს მართავენ. ღონისძიება კულმინაციას 17 საათსა და 10 წუთზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის მარნეულშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება.