მარტვილის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალაშენებულ ცენტრში განაგრძობს. ადმინისტრაციული შენობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გახსნა. ჯანდაცვის მინისტრი პერსონალს პირადად გაესაუბრა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული. ოფისი სრულად არის აღჭურვილი როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. დღეისთვის, ახალ შენობებში განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის, საჩხერის, ახალციხის, თელავის, ჩოხატაურისა და აბაშის რაიონული სამსახურები.