უხეშად რომ დავყოთ ქუდის რამდენიმე კატეგორია გამოიკვეთება: ქუდი, როგორც აქსესუარი, საბრძოლო მუზარადი და დამცავი საშუალება, აუცილებლობა რომელიც ტანსაცმლის მსგავსად ბუნებრივი კლიმატისთვის შეირჩევა და რელიგიური თავსაბურავი. არის ქვეყნები სადაც ქალისა და მამაკაცისთვის მისი ტარების კულტურა ერთნაირად აუცილებელი იყო ან არის და შესაბამისად ქუდის ესთეტიკური მხარეც თანაბრად ვითარდებოდა. როგორც წესი უმეტეს ქვეყნებში შეხვედრისას, შენობაში ქუდის მოხდის ტრადიცია ერთნაირად კულტურულ ჟესტს გამოხატავს და განსხვავებული რელიგიური მრწამსის წარმომადგენელთათვის სამლოცველოში თავსაბურავის ტარება სავალდებულოა როგორც ქალების ასევე მამაკაცებისათვის.
რაც შეეხება ნაწარმს, რისგანაც ქუდი მზადდება, მისი არსი და ხარისხი რა თქმა უნდა კლიმატზეა დამოკიდებული, რადგან ტყავისგან შეკერილი ბეწვიანი ქუდები ძირითადად ჩრდილოეთის ქვეყნების ხალხთა კოსტიუმის ნაწილია, ხოლო ჩალისა და ნაჭრისგან აწყობილი - ცხელი ქვეყნების წარმომადგენლების ნაციონალური აქსესუარი.