მშობლების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ე.წ. მატყუარა საწოვარა ჩვილის აღზრდის აუცილებელი ატრიბუტია. თუმცა ერთი მხრივ მის აუცილებლობაზე და მეორე მხრივ - მავნებლობაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. საწოვარას ერთადერთი სარგებელი ისაა, რომ ბავშვი წოვის რეფლექსს იკმაყოფილებს და მშვიდდება. შესაბამისად, მშობლებსაც ატირებული ჩვილის დაწყნარების, დასვენებისა და ამოსუნთქვის საშუალება ეძლევათ. რაც შეეხება სიავეებს, მათი რიცხვი გაცილებით მეტია. "მატყუარას" მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ საწოვარას სისტემატური წოვა თანკბილვას არღვევს, რაშიც სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის. ამის გარდა შეიძლება საჭმლის მომნელებელ სისტემაში შექმნას პრობლემები - მაგალითად, წოვის დროს პატარა ზედმეტ ჰაერსაც გადაყლაპავს, რაც კოლიკას გაუმწვავებს. არავინ დაობს, რომ მატყუარას წოვა საკმაოდ არაჰიგიენურია. მშობელი ყოველთვის ვერ გააკონტროლებს მის სტერილურობას. არსებობს მოსაზრებაც, რომ წოვითი რეფლექსის წახალისებამ შეიძლება ფსიქიკური პრობლემებიც გამოიწვიოს.ხშირად ბავშვი ისე ეჩვევა ერთ რომელიმე საწოვარას, მის გარეშე ვეღარ იძინებს. თუ ეს საწოვარა სადმე დაგრჩათ, ან უბრალოდ დაკარგეთ ჩათვალეთ, რომ რამდენიმე უძილო ღამე ბავშვის ტირილში გაქვთ გათენებული. მისცემთ თუ არა თქვენს პატარას "მატყუარას", ეს თქვენი არჩევანია.