ყველასათვის ცნობილი შოტლანდიელი მსახიობი და პროდიუსერი შონ კონერი 90 წლის ასაკში 31 ოქტომბერს გარდაიცვალა. მას მაყურებლები ყველაზე კარგად ჯეიმს ბონდის როლით იცნობდნენ.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ულამაზესი მდიდრული ვილა, რომელიც მსახიობს წლების განმავლობაში ეკუთვნოდა და ხშირად სტუმრობდა, იყიდება.CNN-ის ინფორმაციით, სახლი 35 მილიონ აერიკულ დოლარად იყიდება, რაც მისი მდებარეობის, ინტერიერისა და მოწყობის გათვალისწინებით, ძალიან იაფია. სახლი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ცნობილ კურორტ საფრანგეთის რივიერაში მდებარეობს.
სახლის გარშემო ულამაზესი ბაღია გაშენებული, სადაც იშვიათი და ეგზოტიკური მცენარეების ხილვაა შესაძლებელი. როგორც ცნობილია, მდიდრულ ვილას საკუთარი მარანი და სპორტული დარბაზი აქვს. ამასთან, სახლში უზარმაზარი აუზია მოწყობილი, რომლის ერთი კედელიც მთლიანად მინისგანაა დამზადებული და ბუნების ხედებით ტკბობის საშუალებას იძლევა.