მე-20 საუკუნის უდიდესმა პოლიტიკოსმა უინსტონ ჩერჩილმა, რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე განასახიერებდა ბრიტანეთს მთელი თავისი სიძლიერით და სისუსტით, კონსერვატიულობითა და ექსცენტრიულობით, არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ისტორია შეცვალა, არამედ მთელი მსოფლიოს პოლიტიკა განსაზღვრა. მართალია, ჩერჩილმა ორი მსოფლიო ომი გამოიარა, სამყარომ კი, სწორედ მისი მმართველობის პერიოდში განიცადა რადიკალური ცვლილებები, მაგრამ ისტორიკოსები მაინც არაერთმნიშვნელოვნად აფასებენ მის პერსონასა და მოღვაწეობას. ნაწილს ჩერჩილის გამბედაობა და მოულოდნელი გადაწყვეტილებების თამამად მიღების უნარი აღაფრთოვანებს, ნაწილს კი, პირიქით, მისი ზედმეტი თავდაჯერებულობა და ხისტი პოლიტიკა აღაშფოთებს, რადგან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი არასდროს ცნობდა კომპრომისებს.
უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი 1874 წლის 30 ნოემბერს დაიბადა მალბოროს ჰერცოგების საგვარეულო მამულში, ბლენჰეიმის სასახლეში. უინსტონის მამა - ლორდი რენდოლფ ჰენრი სპენსერ ჩერჩილი, ცნობილი პოლიტიკოსი, თემთა პალატის დეპუტატი და ხაზინის კანცლერი იყო, დედა - ლედი ჯენი ჯერომი კი, შეძლებული ამერიკელი მეწარმის ლეონარდ ჯერომის ქალიშვილი. მშობლები არასდროს ანებივრებდნენ შვილებს - უინსტონს და მის უმცროს ძმას ჯონს განსაკუთრებული სიყვარულით და მზრუნველობით, რადგან მამა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური კარიერით ინტერესდებოდა, დედა კი, მთელ დროს არისტოკრატულ საზოგადოებაში ატარებდა. ერთი წლის უინსტონის აღზრდა ძიძამ - ელიზაბეტ ენნ ევერესტმა ითავა, რომელმაც გულწრფელად შეიყვარა მცირეწლოვანი აღსაზრდელი. სიყვარულითვე უპასუხა უინსტონმაც, რომელიც სწორედ ძიძას თვლიდა საუკეთესო მეგობრად და უახლოეს ადამიანად.