"მედია ჩემი მტერი არ არის, ის ამერიკელი ხალხის მტერია" - დონალდ ტრამპმა ამერიკული მედიასაშუალებები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. თეთრ სახლში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა, დონალდ ტრამპმა ტვიტერის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ნიუ იორკ თაიმსი, ენბისი ნიუსი, ეიბისი, სიბიესი და სიენენი ყალბი სიახლეების გამავრცელებლები არიან. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ჟურნალისტებთან მწვავე პოლემიკაში პრესკონფერენციის მსხვლელობისას შევიდა. პრეზიდენტის გაღიზიანება რუსეთთან მაიკლ ფლინის ურთიერთობის შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია. მან ჟურნალისტებს ბრალი არაკეთილსინდისერ საქციელში დასდო. ტრამპის თქმით, სწორედ მედიის წარმომადგენლები ქმნიან პრობლემებს რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაში.