მართალია, თავფეხიანი მოლუსკი, რომელიც რვაფეხასა და კალმარს ენათესავება, ბევრისთვის უფორმო, ნაკლებად მიმზიდველ არსებასთან ასოცირდება, მაგრამ სინამდვილეში სეპია საკმაოდ სიმპათიური ზღვის ცხოველია, რომელიც ცალკე გამოყოფილ სეპიათა ოჯახში 100-მდე განსხვავებულ სახეობას აერთიანებს. ათწლეულების მანძილზე სეპიას ერთადერთ მისამართად ევრაზიის და აფრიკის ტროპიკული და სუპტროპიკული წყალმარჩხი სანაპიროები ითვლებოდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ მოლუსკთა კოლონიას მეცნიერებმა ავსტრალიის ნაპირებთანაც მიაკვლიეს. მართალია, ნათესავების ფონზე საკმაოდ მოკრძალებული გაბარიტების სეპიას სიგრძე 20-30 სანტიმეტრს არ აღემატება, მაგრამ ოჯახს თავისი გიგანტი - "ხელგრძელა სეპიაც" ჰყავს, რომლის სიგრძე 1,5 მეტრს, წონა კი, 10 კილოგრამს აღწევს, ყველაზე მინიატურულმა სახეობამ კი, სწორედ თავისი 2 სანტიმეტრის წყალობით დაიმსახურა პლანეტის ყველაზე პატარა უხერხემლო თავფეხიანის ტიტული.