ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ვაქცინაციის ცენტრი დროებით, ორშაბათამდე, დაიხურა მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებმა ცენტრის რამდენიმე თანამშრომელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მელბურნში, სადაც 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ სამშენებლო ობიექტების 2 კვირით დახურვის შესახებ განაცხადა და მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. სამართალდამცავებმა გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დასაშლელად ე.წ. „წიწაკის სპრეი“ და რეზინის ტყვიები გამოიყენეს დ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ავსტრალია, „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, პანდემიის მესამე ტალღას უდიდეს ქალაქებში, სიდნეისა და მელბურნში, ასევე დედაქალაქ კანბერაში, ებრძვის. ქვეყნის 25 მილიონზე მეტ მოქალაქეს მკაცრი „ლოქდაუნის“ პირობებში უწევს ცხოვრება. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შეზღუდვებს მაშინ შეამსუბუქებენ როდესაც ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად იქნება ვაქცინირებული.