ამერიკელმა მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონის დნმ-ის რედაქტირება მოახერხეს - ამოჭრეს მუტაციური გენი, რომელიც ჰიპერტროფიულ კარდიომიოპათიას იწვევს. აღნიშნული ჩარევა განხორციელდა გენომის რედაქტირებისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტით. შედეგის მიღება 58 ცდიდან 42 შემთხვევაში მოხერხდა. 5 დღე-ღამის განვითარების შემდეგ ემბრიონებს ანადგურებდნენ. ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა 12 ჯანმრთელი ქალის კვერცხუჯრედი გაანაყოფიერეს იმ მამაკაცთა სპერმით, რომელთა გენებშიც შესაბამისი მუტაცია იყო. ამის შემდეგ მათ სპეციალური ინსტრუმენტით სახეშეცვლილი გენი ამოჭრეს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, პერსპექტივაში "დნმ-ის დიზაინი" და სასურველ ნიშან-თვისებათა მქონე ემბრიონების შექმნა პრობლემური იქნება, რადგან ემბრიონების განვითარების დაპროგრამება ყველა ნიუანსით ჯერ კიდევ შეუძლებელია.