ბრიტანელმა მეცნიერებმა კოსმოსიდან დედამიწის ოკეანეებში მყოფი ვეშაპების დათვლა შეძლეს. ბრიტანეთის ანტარქტიკის კვლევის მეცნიერებმა ამისათვის თანამგზავრიდან გადაღებული მაღალი გაფართოების ფოტოები გამოიყენეს. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოები 620 კილომეტრის სიმაღლიდანაა გადაღებული, ისინი საკმარისად ნათელია და იძლევა საშუალებას გამოჩნდეს ზღვის ცხოველები წყალში. მეცნიერთა ჯგუფი აპირებს მალე ხმელთაშუა ზღვაში მყოფ ძუძუმწოვარ უკბილო ვეშაპებს დააკვირდეს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ვეშაპების ოკეანეებში დათვლა კომპიუტერული პროგრამით მოხდება, რომელიც თანამგზავრიდან მიღებულ მონაცემებს გაანალიზებს. აღნიშნული პრაქტიკა გამოსადეგი იქნება გემის ეკიპაჟისთვისაც, ვინაიდან კუნძულ კორსიკის ჩრდილოეთი წყლები ვეშაპისნაირთა დაცული ტერიტორიაა, ადგილობრივ მთავრობას კი სურს უკეთ შეისწავლოს ცხოველების გადაადგილების ჩვევები, რათა გემების შეჯახება და მათი დაზიანება არ მოხდეს.ამ დრომდე მეცნიერები თანამგზავრიდან გადაღებული კადრებით მხოლოდ ვეშაპების დაფიქსირრებას ახერხებდნენ, თუმცა, საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით. ახალი მიდგომით კი კიდევ უფრო გამარტივდა მათი დაფიქსირება, ვიანიდან თანამგზავრი WorldView-3 კოსმოსიდან დედამიწის ზედაპირზე 31 სანტიმეტრის სიგრძის ორგანიზმებსაც ხედავს.