მეუღლის მკვლელობისთვის დაკავებულ 38 წლის მამაკაცს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბრალდებულს გამოძიება ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მამაკაცი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით თუმცა, ფაქტს არ უარყოფს. მისივე ინფორმაციით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამიტომ მიზანშეწონილია ექსპერტიზის ჩატარება. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ახალგაზრდა ქალი ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.