ფქვილის სუბსიდირების მეორე ეტაპი პირველი თებერვლიდან უნდა დაიწყოს. მიიღებენ თუ არა კომპანიები მონაწილეობას მეორე ეტაპში, დამოკიდებული იქნება იმაზე, რას შეცვლის მთავრობა სუბსიდირების წესში. ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „გლობალ მილინგის“ დირექტორმა განაცხადა.
ცნობისთვის, დეკემბერში სუბსიდირების პირველი ეტაპის დაწყებისას ერთი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილის ფასი 63 ლარს შეადგენდა, ამ დროისთვის კი ერთი ტომარა 66 ლარი ღირს. „გლობალ მილინგი“ ერთ-ერთია იმ 8 წისქვილკომბინატიდან, რომლებმაც ფქვილის სუბსიდირების პროგრამის პირველ ეტაპში მიიღო მონაწილეობა. სუბსიდირების მეორე ეტაპში მონაწილეობაზე კი კომპანიის დირექტორის თქმით, ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა, სავარაუდოდ, უარს იტყვიან.
შეგახსენებთ, ხორბლის ფქვილის სუბსიდირება 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან - 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით იმოქმედებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ფქვილის სუბსიდირების ბენეფიციარი ერთ ტომარას 53 ლარზე ძვირად გაყიდის, 50 ათასი ლარით დაჯარიმდება.