2020 წლის მეორე კვარტალის 29-მილიონიანი ზარალის შემდეგ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მესამე კვარტალი 12 მილიონ 719 ათასი ლარის წმინდა მოგებით დახურეს. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ კი 69 მილიონ 417 ათასი ლარი შეადგინა.ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, მესამე კვარტალში მილიარდ 394 მილიონი ლარი იყო სექტორის აქტივები, რაც მეორე კვარტალთან შედარებით თითქმის 55 მილიონი ლარით მეტია. მე-2 კვარტალში აქტივები მილიარდ 339 მილიონ ლარს შეადგენდა.
მეორე კვარტალთან შედარებით გაიზარდა მისო-ების მთლიანი საპროცენტო შემოსავალიც და მესამე კვარტალში 205 მილიონ 488 ათასი ლარი შეადგინა. მთლიან საპროცენტო შემოსავალში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 184 მილიონ 229 ათასი ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 5 მილიონ 737 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, მისო-ებმა ჯარიმებიდან და საურავებიდან 13 მილიონ 47 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე 40 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.