რევოლუციონერები კონტრ რევოლუციონერებს ებრძოდნენ, ლენინელები სტალინელებს და პირიქით. ყველა ერთად კი ქართულ სახელმწიფოს. ისტორიამ უკვე შექმნა გმირებისა და მოღალატეების ნუსხა. ბევრმაც ინანა, ბევრიც ბოლომდე საბჭოური იდეების ერთგული დარჩა. განათლებული, გულანთებული ქართველები კი არაღიარებული გენოციდის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. დაიყო საქართველო, გაიყო ოჯახებიც, მომძლავრდა იმპერიის პროპაგანდა და გატყდა ერი. რევოლუციის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი, სტალინის ბავშვობის მეგობარი, მისი ერთგული და თანამებრძოლი ბუდუ მდივანი და განადგურებული ოჯახი იმ რეალობის ერთ-ერთი მაგალითია. რეალობის, სადაც ადამიანური არაფერი ყოფილა, სადაც ადამიანი უბრალო ხორცი იყო, რომელსაც ორ კაპიკიანი ტყვიით იშორებდნენ. ალბათ, ესეც კანონზომიერია, მოღალატისთვის ერთგულება უცხო ხილია. ტირანისთვის მეგობრობა და მსგავსი ღირებულებები დაცინვის საგანი. საბჭოეთში მექანიკური ბრბო იყო საჭირო. ბრბო, რომელიც ყოველგვარი კრიტიკისა და აზროვნების გარეშე ხმამაღლა იყვირებდნენ "ყველაფერი ხალხს", "გაუმარჯოს კომუნიზმს" და "ძირს კონტრ-რევოლუციონერებიო". არა და, ხალხის ყველაფერი კი არა, მხოლოდ სამიზნეში ამოღებული ტყვია იყო.