მე არ დავუჭერდი მხარს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ახლანდელი მდგომარეობით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მანდატებთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია ჯერ კიდევ არ აქვთ და ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება. ამასთან დეპუტატი ფიქრობს, რომ ამ საკითხზე სავარაუდოდ თავისუფალი კენჭისყრა შედგება.
განსხვავებული პოზიცია აქვს "ქართული ოცნების" ზოგიერთ დეპუტატს. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება ოპოზიციის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
ანრი ოხანაშვილი კი თვლის, რომ მმართველი გუნდი საკითხს კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს. მისი თქმით, თუ ოპოზიციას არ სურს ცივილურ და დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა, პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.