„ეპატაჟის მეფედ“ წოდებული კარლ ლაგერფელდი, რომელმაც კომპეტენტურობისა და პროგრესულობის, ორიგინალობისა და ნოვატორობის წყალობით გაითქვა სახელი, არა მხოლოდ Chanel-ის, Chloe-სა და Fendi-ის მოდის სახლებს ხელმძღვანელობდა, არამედ საკუთარი ბრენდი და უნიკალური სტილიც შექმნა, რომელიც სწრაფად გასცდა მოდის სამყაროს და დიდი ხნით დაიმკვიდრა ადგილი პოპ-კულტურაში. თუმცა, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული დიზაინერი არ დაკმაყოფილდა მიღწეულით და ჯერ ფოტოგრაფიით დაინტერესდა, მერე საგამომცემლო საქმითა და ილუსტრაციით.
მართალია, ოფიციალური მონაცემებით კარლ ოტო ლაგერფელდი 1933 წლის 10 სექტემბერს დაიბადა ჰამბურგში, მაგრამ დიზაინერი ყოველთვის საგულდაგულოდ მალავდა საკუთარ ასაკს, ამიტომ დაბადების თარიღად ხან 1935, ხან 1938 წელს ასახელებდა და გაურკვევლობას დედის დაუდევრობას აბრალებდა.
კარლის მამა, წარმოშობით შვედი ოტო ლაგერფელდი შეძლებული მეწარმე იყო, რომელიც შედედებული რძის ფაბრიკას ფლობდა, დედა, გერმანელი მარტა კენინგი კი, მუსიკას ასწავლიდა, თუმცა შვილის შეძენის შემდეგ უარი თქვა პედაგოგიურ მოღვაწეობაზე, მით უფრო, რომ კარლი საკმაოდ გვიან შეეძინა, როცა თვითონ 42 წლის, მეუღლე კი, 60 წლის იყო. თუმცა კარლს ორი უფროსი და მარტა-კრისტინა და ანნა-მარია ჰყავდა.
1944 წელს, ჰამბურგის დაბომბვისა და პრაქტიკულად სრულად განადგურების შემდეგ, ლაგერფელდებმა საკურორტო ქალაქ ბად-ბრამშტადში სცადეს ომისგან თავის დაღწევა და მხოლოდ 4 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ მშობლიურ ჰამბურგს, სადაც კარლმა ბისმარკის საშუალო სკოლაში გააგრძელა სწავლა და იმავე წელს დაესწრო დედასთან ერთად კრისტიან დიორის ჰამბურგში მოწყობილ ჩვენებას, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მასზე.