ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, პროექტის ფარგლებში მოექცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წიფაში მდებარე იური გოგნაძისა და მადონა ბანცაძის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გარკვეული ტერიტორია.
ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, ამ პირებს ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისება შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადეს. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას ანუ სახელმწიფოს მიერ საკუთრების ანაზღაურებით, ძალადობრივ ჩამორთმევას დაექვემდებარება.