ძეძილეთი-გორდი-ნოღის საავტომობილო გზის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.
აღნიშნული გზა წარმოადგენს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხასა და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზებს შორის კავშირს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაახლოებით 10 კმ მონაკვეთის რეაბილიტაცია. საპროექტო მონაკვეთის საერთო სიგრძეა 9 ათას 947 მეტრია.
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტმა მოამზადა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.
თუმცა, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ერთ მოქალაქესთან, ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. კერძოდ, საუბარია ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაღმა ნოღაში მდებარე ათას 147 კვადრატული მეტრი ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სოფელ გორდში მდებარე 39 კვადრატული მეტრი ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და 58 კვადრატული მეტრი ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მფლობელ პავლე ჩიხლაძეზე. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას ანუ სახელმწიფოს მიერ საკუთრების ანაზღაურებით, ძალადობრივ ჩამორთმევას დაექვემდებარება.