საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს თავმჯდომარეს, ავიაციის მთავარ მარშალ სერ სტიუარტ პიჩს და დელეგაციის წევრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დახვდა. აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტმა სხდომა გამართა. შეხვედრა საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით დაიგეგმა. სხდომას ლევან იზორიასთან ერთად ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ავიაციის მთავარმა მარშალმა უხელმძღვანელა. სერ სტიუარტ პიჩმა რუსეთს ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.